დავით უსუფაშვილი: ჩვენი პარტნიორები ხედავენ ქართველი ხალხის მონდომებას, გავხდეთ ნატოს წევრი
საქართველოს პროგრესი შეფასებულია ძალიან მაღალი სიტყვებით და ეს არ არის სიახლე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში“ განაცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან, ნატოდან ხედავენ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მონდომებას, რომ გავხდეთ ნატოს წევრი.
“ჩვენ ამის თაობაზე მრავალი წელია ვსაუბრობთ, რომ საქართველო წინ მიიწევს. საქართველოს ჰქონდა გარკვეული შეფერხებები, წლების განმავლობაში ჰქონდა გარკვეული სხვადასხვა ტიპის პრობლემები. ამისგან დაზღვეული არ არის არც დღეს და არც ხვალ, იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება. მაგრამ, ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან, ნატოდან ხედავენ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მონდომებას, რომ გავხდეთ ნატოს წევრი, არა იმიტომ, რომ ეს პრესტიჟული კლუბია, არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდება საქართველოს და დემოკრატიულ, მშვიდობისმოყვარე მსოფლიოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო საჭირო არისნ ატოსთვის.
“საქართველო არის საჭირო ნატოსთვის. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, არც აქამდე მოვიდოდით. მაგრამ, ამასობაში ისიც ვიცით, რომ მსოფლიოში არიან ძალები, არის ტენდეციები, რომელიც ამის საწინააღმდეგოა. ასე რომ, პროცესი საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით ევროატლანტიკურ სივრცეში მიდის ძალიან კარგად.
ტაქტიკური თვალსაზრისით გარკვეული გადაწყვეტილებების დაჩქარება თუ ცოტა შეგვიანება, ეს ხდებოდა უწინ. იმედია, მომავალში იქნება პირიქით, სწორედ ტაქტიკური თვალსაზრისით უფრო დაჩქარება, ვიდრე შეყოვნდება. ასე რომ, ჩვენ უახლოეს მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და ეს შეფასება საქართველოს პროგრესის თაობაზე არის საყოველთაო და დღევანდელი კონფერენცია ერთ-ერთი ამის დადასტურებაა”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.