ბიძინა ივანიშვილი: ვერაფრით უსუფაშვილზე გავლენა ვერ მოვახდინე
არავითარი ბერკეტი ხელისუფლებაში მოქმედების მე არა მაქვს, – ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და მაგალითად დავით უსუფაშვილთან მომხდარი შემთხვევა გაიხსენა.
“როდესაც პრეზიდენტი დაუკითხავად, უკანონოდ შევიდა სააკაშვილის რეზიდენციაში, სწორედ ამასთან დაკავშირებით მქონდა დავით უსუფაშვილთან საუბარი. მას მე დავუმტკიცე პირად საუბრებში, რომ პრეზიდენტი არასწორად მოიქცა და ამაზე უნდა გაკეთებულიყო შესატყვისი აქცენტები. მას არ ჰქონდა არგუმენტები, მაგრამ პოზიცია მაინც არ შეიცვალა და აქცენტი ისე არ გააკეთა, როგორც არის სწორი და როგორც იყო საჭირო. იგი გამოვიდა ტელევიზიით და “გააპრავა” პრეზიდენტის სასახლეში შესვლა. ამის შემდეგ მე უსუფაშვილისთვის აღარ დამირეკავს. მაშინ “მოქალაქეს” ვაყალიბებდი და უსუფაშვილს საჭირო რჩევებს ვეკითხებოდი, სხვათაშორის, საკმაოდ ნიჭიერი კაცია და ძალიან ბევრი საჭირო რჩევაც მომცა. რომ ვნახე, რომ არგუმენტების გარეშე გააკეთა საპირისპირო განცხადება, კარგად იყავი – მეთქი. როდესაც მოსმენებთან დაკავშირებით კანონს იღებდნენ, დაახლოებით წელიწადნახევარი გავიდა, მქონდა მცდელობა უსუფაშვილისთვის რჩევა მიმეცა, თუმცა ესეც არ გაითვალსიწინა და არაფერიც არ მომხდარა. ვერაფრით უსუფაშვილზე გავლენა ვერ მოვახდინე”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მანვე, პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით კიდევ ერთი შემთხვევა გაიხსენა.
“ერთხელ უსუფაშვილმა მთხოვა, რომ ქუცნაშვილისთვის დამერეკა, მაგრამ მანაც არ გაითვალისწინა ჩემი რჩევა, (ქუცნაშვილმაც არ გაითვალისწინა) თუმცა არაფერი არ მომხდარა… ვამბობ, რომ არავითარი ბერკეტი მოქმედების მე არა მაქვს. არცერთი არ არის ჩემი ნათესავი, ჯარი მე არა მყავს, ერთადერთი, რასაც ვამბობდი, მე მაქვს მოსახლეობის ჭარბი ნდობა და არჩევნების დროს ჩემს სიტყვას აქვს ფასი. შემიძლია ხალხს მივანიშნო და ვთქვა, ისე როგორც მე ვფიქრობ. ძალაუფლების წყარო გახლავთ მხოლოდ ხალხი და საზოგადოება. რასაც ვაკეთებ საერთოდ ვაკეთებ საზოგადოებისთვის და არავითარი პირადი ინტერესი არ გამაჩნია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.