ივანიშვილმა მარგველაშვილის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა

აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო პრეზიდენტის გამოსვლა, – ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.

“აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო პრეზიდენტის გამოსვლა. კიდევ ერთ გაუგებრობაში აღმოჩნდა ეს კაცი. ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით ბალანსის დაცვა ევალება… ჯერ როგორ იკადრა… მან კანონი დაარღვია. მას არ ჰქონდა უფლება მსგავსი განცხადება გაეკეთებინა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობს, “დაუძლურებულ” “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს.
“მას მოუწევს განმარტებების გაკეთება. ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ხატავს სიტუაციას, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიდის ქვეყანა, უნდა რომ მხარი მხოლოდ ამ დაუძლურებულ ძალას დაუჭიროს და “გააპრავოს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მანვე, ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ განცხადებიდან რამდენიმე საათში “ნიუ იორკ თაიმსში” სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც გიორგი მარგველაშვილის განცხადება დადებითად არის შეფასებული.
“ის ვინც აკეთებს ასეთ განცხადებას, სწორედ “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს. აბა ნახეთ, მარგველაშვილის განცხადების შემდეგ 2 საათში “ნიუ იორკ თაიმსი” აქვეყნებს სტატიას და აქებს პრეზიდენტს. ვისი გაკეთებულია ეს? მარგველაშვილს სად აქვს ამის რესურსი? – არ დაგვავიწყდეს იაკობაშვილი, რომელიც დღემდე რჩება ამერიკაში “ნაციონალური მოძრაობის” ელჩად, ან ვინმე ამის მსგავსი. “ნიუ იორკ თაიმსში” სტატიის გამოქვეყნება არ არის იოლი და ამ შემთხვევაში კიდევ 5 წუთში გამოქვეყნდა”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები