თეა წულუკიანი მოსამართლეებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლეებს შეხვდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მოსამართლეთა კორპუსის თხოვნით მოხდა.
შეხვედრას, რომელიც დღეს, 19 ოქტომბერს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, 160 მოსამართლე ესწრებოდა. იუსტიციის მინისტრმა მათ მართლმსაჯულების სისტემის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო და კანონპროექტის შესახებ მათი მოსაზრებებიც მოისმინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა დისკუსიის შედეგები შეაჯამა. თეა წულუკიანის თქმით, მას კარგად ესმის, თუ რა აწუხებს მოსამართლეთა კორპუსს, მოსამართლეებს კი კარგად ესმით რეფორმის მიზანი.
„ჩემი მიზანი არის ის, რომ მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები; რომ ისინი იყვნენ თავისუფლები არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, არამედ საკუთარი ხელმძღვანელობისგან, და ეს ყოველთვის იყო მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის დეკლარირებული მიზანი. მოსამართლეთა კორპუსმა კატეგორიული პოზიციები დააფიქსირა ზოგიერთ სიახლესთან დაკავშირებით, რომლებიც ქალბატონი ნინოს ინიციატივით მე შევიტანე იუსტიციის სამინისტროს რეფორმაში. ეს კატეგორიული წინააღმდეგობები ეხება 2/3-ით დისციპლინური დევნის შედეგად გადაწყვეტილების მიღებას, მით უმეტეს, ღია კენჭისყრით. მათთვის მიუღებელია ეს წესი. თავის დროზე მე გავაუქმე ის მართლმსაჯულების პირველი ტალღის დროს და დღესაც დავეთანხმე მოსამართლეებს, რომ იმას, რაც არის პირველი ტალღის შედეგად შემოტანილი პროგრესი, შევინარჩუნებთ, დავტოვებთ 2/3 ფარულ კენჭისყრას, როგორც არის დღეს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, შეთანხმება მიღწეულია სასამართლოს თავმჯდომარეების ინსტიტუტთან დაკავშირებით:
„აგრეთვე, აღარ გავაუქმებთ სასამართლოს თავმჯდომარეების მოადგილეების ინსტიტუტს. მოსამართლეები სიმართლეს ამბობენ − ყველა ქვეყანაში სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, ამიტომ სასამართლოების თავმჯდომარეების მოადგილეების ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივა, რომელიც ქალბატონი ნინო გვენეტაძის ინიციატივით შევიდა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტებში, ამოღებული იქნება“.
კიდევ ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შეთანხმება შედგა, მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადას ეხება.
„შემოვიღებთ წესს, რომლის თანახმადაც, ის მოსამართლე, რომელიც 10 წელი უკვე იყო მოსამართლე, დაინიშნება საბჭოს 2/3-ის თანხმობით, მას აღარ ექნება 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა, მაგრამ ავტომატური გადანიშვნა ვერ მოხდება; მათ უნდა გაიარონ კონკურსი. ისინი, ვინც უკვე 10 წელი იმსახურა, პრობაციას აღარ გაივლიან“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა ისეთი ნოვატორული პრინციპის შესახებაც ისაუბრა, როგორიცაა საქმეთა ელექტრონული განაწილება და სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა:
„ეს არის ის ნოვაციები, რომელთაც მოსამართლეები ეთანხმებიან, რაც მათ მოსწონთ. ერთადერთი, გამოითქვა მოსაზრება, რომ სასამართლო სისტემა საქმეთა ელექტრონული განაწილებისთვის მზად არც პირველ იანვარს იქნება. ჩვენ დეტალურად უნდა გავიაროთ ეს საკითხი და ვნახოთ, როდის ექნება სასამართლოს ელექტრონული პროგრამა. როგორც ირკვევა, დღეს ასეთი პროგრამა სასამართლოს არ აქვს, თუმცა, პრინციპზე მოხდა შეთანხმება, რომ საქმეთა ელექტრონული განაწილების შემოტანა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში გამორიცხავს ყველანაირ კორუფციას და პიროვნულ მიდგომებს; გამორიცხავს თავმჯდომარეების მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტას, ვის მისცენ ესა თუ ის კომპლექსური ან პოლიტიკურად სენსიტიური საქმე განსახილველად“.
რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტსა და მენეჯმენტის დეპარტამენტს, თეა წულუკიანის თქმით, ეს იდეა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს ეკუთვნის და საკითხში საბოლოოდ გასარკვევად მასთან კონსულტაციებია საჭირო.
„ეს ორი იდეა არის ქალბატონი ნინოსი, მე ამას ვეთანხმებოდი, დღესაც არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, სანამ ქალბატონ ნინოსთან არ შევჯერდები. ამიტომ მე მოსამართლეებს ვერაფერს შევპირდები, რადგან ის, რაც მათ ჩემამდე მოიტანეს, ქალბატონ ნინოსთან მინდა, შევაჯერო. შევჯერდებით, გვჭირდება თუ არა ინსპექტორის ინსტიტუტი, და თუკი გვჭირდება − რა ფორმით. არ არის გამორიცხული, რაკი ეს სრულიად ახალი ნაწილია, დამატებული იუსტიციის სამინისტროს რეფორმაში, მოვითხოვოთ, რომ ვენეციის კომისიამ იმსჯელოს ამაზე“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
დღევანდელი ღონისძიების შეჯამებისას მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა:
„უკვე შევთანხმდით, რომ მოადგილეების ინსტიტუტი არ გაუქმდება, 2/3-ით იქნება ფარული კენჭისყრა, როდესაც მოსამართლის მოხსნას შეეხება საქმე საბჭოში და ჩვენ პირველი ტალღის ამ პროგრესს არ დავთმობთ; ვიმსჯელებთ იმაზე, უნდა იყოს თუ არა ინსპექტორი და მენეჯმენტის ინსტიტუტი, მაგრამ ეს აუცილებელია, მოხდეს ქალბატონ ნინო გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოსამართლეები ემხრობიან რეფორმას, მოსამართლეებს სურთ რეფორმა და ისინი ჩვენთან ერთად ივლიან რეფორმის გზაზე. თუმცა, ბუნებრივია, მათ აქვთ თავიანთი შენიშვნები. მათგან ნაწილი გათვალისწინებული იქნება, ნაწილი საჭიროებს ჩემი და ქალბატონი ნინო გვენეტაძის შეხვედრას, ნაწილი კი მომავლის თემებია და ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალშიც ერთად ვიმუშავებთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები