თამარ კორძაია: მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში მთავრობა მონაწილეობს
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პროკურატურის კანონში შესულ ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, ახალი კანონი და მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი მანამდე არსებულ წესს ნამდვილად სჯობს, თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში მთავრობა ჭარბად მონაწილეობს.
„კარგია ის, რომ იუსტიციის მინისტრი არა ერთ, არამედ 3 კანდიდატს წარადგენს, მაგრამ ვთვლი, რომ მთავრობის მონაწილეობა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში ზედმეტად ჭარბია, რადგან ეს კანდიდატურები შემდეგ მთავრობამ უნდა მოიწონოს, რის შემდეგაც ეს კანდიდატები პარლამენტს წარედგინება. ეს სისტემა აძლიერებს მთავრობის როლს და მე ვთვლი, რომ ეს არ არის მაინცდამაინც კარგი გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯობია ძველ გამოცდილებას. მაშინ, როდესაც საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში მონაწილეობს პროკურორთა კონფერენცია, ირჩევა საპროკურორო საბჭო. ეს საპროკურორო საბჭო იუსტიცის მინისტრის წარდგინებით ირჩევს სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე მთავრობის ჩართულობა ზედმეტია, რადგან მთავრობა წარმოდგენილია იუსტიციის მინისტრის სახით და დამატებითი რგოლი არაფერს იძლევა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
დეპუტატის შეფასებით, გარდა დანიშვნის წესისა, პროკურატურის შესახებ ახალ კანონში მთავარი პროკურორის და პროკურატურის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალებულების მკაფიო გაწერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის წინაშე ანგარიშვალდებულია, ყველა დაწესებულება, მით უფრო ის ვისაც პარლამენტი, ირჩევს, ნიშნავს, ან თანხმობას აძლევს. ამიტომ ეს ვალდებულება კანონში დეტალურად უნდა გაიწეროს“,- აღნიშნა კორძაიამ.