გიორგი კვირიკაშვილი: მივესალმები ამერიკული კომპანიების საქართველოში შემოსვლას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკული სწრაფი კვების ობიექტის „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მიესალმა ამერიკული ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში.
„მივესალმები ამერიკული კომპანიების შემოსვლას საქართველოში. ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენი სურვილია, რომ ის ბრწყინვალე ურთიერთობები, რომელიც გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან იყოს ასეთივე მასშტაბით წარმოდგენილი მსხვილი ამერიკული კომპანიების სახით. სწორედ ამიტომ მივესალმებით მაკდონალდსის ახალი რესტორნის გახსნას, მისი ქსელის გაფართოებას საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის მხრიდან ამ პროცესს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა“-აღნიშნა მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა, „მაკდონალდსის“ რესტორნის ზუგდიდში გახსნაც გაიხსენა და ამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ რესტორანს ხშირად სტუმრობენ აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც გადმოდიან სპეციალურად „მაკდონალდსის“ რესტორანში. ისინი ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სხედან ტერასაზე, საუბრობენ და შემდეგ მიდიან უკან აფხაზეთში. მე მინდა, რომ სწორედ ეს ქსელი გახდეს ერთ-ერთი პიონერი ჩვენს ურთიერთობებში იმ სითბოს აღდგენის, რაც გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება’-აღნიშნა მან.
მაკდონალდსის ახალი რესტორანი ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

რესტორნის გახსნის ცერემონიას, ასევე ესწრებოდნენ ქ.თბილისის მერი და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები