ინგლისური ენის სწავლების პროექტის ფარგლებში „მშვიდობის კორპუსი“ კონკურსს აცხადებს

აშშ-ის „მშვიდობის კორპუსი“ საქართველოში მოტივირებულ საჯარო სკოლებს „მშვიდობის კორპუსის“ განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის იწვევს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები თხუთმეტი წელია წარმატებით ახორციელებენ განათლების პროექტს საქართველოს რეგიონებში. კონკურსში შერჩეული სკოლები ინგლისური ენის სწავლების დონისა და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით ამერიკელ ინგლისური ენის მასწავლებელთან 2016-2018 სასწავლო წლების განმავლობაში იმუშავებენ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს შემდეგ რეგიონებში: კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე სოფლების გარდა), მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდის გარდა), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომლებიც განლაგებულია ადმინისტრაციული საზღვრიდან 5 კმ-იან ზონაში, განაცხადები არ განიხილება.
“თუ თქვენი სკოლა არის ზემოთ აღნიშნულ რეგიონში, ინგლისური ენის მინიმალური საათობრივი ბადე შეადგენს 24 საათს და დაინტერესებული ხართ მოხალისესთან თანამშრომლობით 2016-2018 აკადემიურ წლებში, გაეცანით საინფორმაციო დანართს და დაიტოვეთ სკოლაში, შეავსეთ მოხალისის მოთხოვნის ფორმა მასპინძელი ოჯახის განაცხადებთან ერთად და მოგვაწოდეთ „მშვიდობის კორპუსის“ ოფისში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი #29ა, თბილისი, 0160, ან გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: education@ge.peacecorps.gov
მოხალისის მოთხოვნის ფორმის და საინფორმაციო დანართის მიღება შესაძლებელია საქართველოს „მშვიდობის კორპუსის“ ოფისში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. მოხალისის მოთხოვნის ფორმების ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია საქართველოს „მშვიდობის კორპუსის“ ვებგვერდიდან: http://georgia.peacecorps.acsitefactory.com/media/966 სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 18 ოქტომბერი, 2015 წელი“,-აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები