ზურაბ აბაშიძე: მხოლოდ დასავლური რეზოლუციების იმედზე არ უნდა ვიყოთ
ჩვენს პრობლემებს მთლიანად დასავლელ პარტნიორებს ვერ გადავულოცავთ. მხოლოდ რეზოლუციების, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანის, იმედად არ უნდა ვიყოთ,- ამის შესახებ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
აბაშიძის თქმით, რუსეთი მძიმე და არაპროგნოზირებადი პარტნიორია, მაგრამ მასთან მუშაობაა საჭირო.
“2008 წლის შემდეგ რუსეთმა, ფაქტობრივად, გაიფორმა ჩვენი ტერიტორიის 20% (იმედია, დროებით), მათ შორის, ის ტერიტორიებიც, რომელებსაც ჩვენ სრულად ვაკონტროლებდით – კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი. 2008 წლის ომმა, დიდი მსხვერპლის გარდა, გაზარდა დევნილთა რაოდენობაც, განადგურდა ან დაიკარგა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა და სხვა ქონება. უდიდესი ძალისხმევის შედეგად 1999 წლის შემდეგ საქართველოდან გაყვანილი რუსული ბაზები 2008 წლიდან გაცილებით დიდი მოცულობით შემოგვიბრუნდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ორივე რეგიონში მუშაობა შეწყვიტეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კერძოდ, გაერომ და ეუთომ და ეს ტერიტორიები საერთაშორისო მეთვალყურეობის გარეშე დარჩა. შეფერხდა სამშვიდობო პროცესი ოსებსა და აფხაზებთან, მეტიც – ფაქტობრივად, შეწყდა მათთან პირდაპირი დიალოგი. მნიშვნელოვნად შეილახა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი.
ეს არასრული ჩამონათვალია, ანუ მოხდა კატასტროფა, ქვეყნის მთლიანობა, ფაქტობრივად, დაირღვა და ეს ხდებოდა მუშტების ქნევისა და ვითომ პროდასავლური პოლიტიკის ფონზე. რეალურად კი, თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, გაკეთდა რუსული საქმე. მოსკოვი ამაზე ადრე ვერც კი იოცნებებდა. სამწუხაროა, რომ ასეთი ტრაგედიის შემდეგ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უთქვამთ, რომ საგარეო პოლიტიკაში თუნდაც მცირე რამ შეეშალათ და აგვისტოს კატასტროფაში თავისი წვლილიც არის. პირიქით, ისინი ხელისუფლებაში მალე დაბრუნებით და იმავე – მკაცრი პოლიტიკის გაგრძელებით აიმედებენ ხალხს. ამ მტკივნეული წარსულის გახსენება არ მსიამოვნებს და არაფერს ვიტყოდი, რომ არა ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის მცდელობა, ქვეყანაში დაამკვიდროს საყოველთაო სკლეროზი. თქვენი კითხვის პასუხად იმასაც ვიტყვი, რომ რუსეთი მძიმე და არაპროგნოზირებადი პარტნიორია, მაგრამ მასთან მუშაობაა საჭირო. ჩვენს პრობლემებს მთლიანად დასავლელ პარტნიორებს ვერ გადავულოცავთ. მხოლოდ რეზოლუციების, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანის, იმედად არ უნდა ვიყოთ“, -აცხადებს ზურაბ აბაშიძე.