საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. 32 სხვადასხვა ქვეყნის დელეგატი ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციაზე ორი დღის განმავლობაში პარლამენტის გამჭვირვალობის მექანიზმებსა და საზოგადოების მეტი ჩართულობის ინსტრუმენტებზე იმსჯელებენ.
„ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები“, – კონფერენციის პირველი პანელი საკანონმდებლო ღიაობის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების თემატიკას დაეთმო.
თემის მოდერატორმა, „ჰაკერლაბის“ დირექტორმა ბრაზილიის დეპუტატთა პალატის წარმომადგენელმა, კრისჩიანო ფერიმ ღიაობის საკითხებში ტექნოლოგიების და დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი მოსაზრებით, აუცილებელია შეიქმნას ინფორმაციული დემოკრატია, რომელიც მთავრობას და პარლამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებაში დაეხმარება. ეს ყველაფერი კი გარკვეულ გამოწვევებს უკავშირდება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირების გატარებას საჭიროებს.
მისივე განცხადებით, საპარლამენტო საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების ჩართვა მეტი ეფექტის მომტანია და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს. თემასთან დაკავშირებით საკუთარი პრეზენტაცია უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, სვიტლანა ზალისჩუკმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, ღია მმართველობა ეს ის მოცემულობაა, რომელიც საზოგადოებაში აჩენს განწყობას, რომ იგი ქვეყნის მართვასთან ახლოს დგას, ყოველივე ამაში კი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. უკრაინელი დეპუტატის განცხადებით, დღევანდელ რეალობაში სოციალური ქსელები და მედია ხელისუფლებას ეხმარება საკუთარი გზავნილი მოსახლეობამდე მიიტანოს და ახალი ტექნოლოგიების კიდევ უფრო დახვეწა, ამ მიმართულებით მეტი კომუნიკაციის მექანიზმებს შექმნის. სვიტლანა ზალისჩუკიმ თავისი ქვეყნის პარლამენტის გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ამ კუთხით დიდი პროგრესი და წინსვლა შეინიშნება.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მმართველობის პროგრამების დირექტორმა, სკოტ ჰუბლიმ თავისი გამოსვლა მმართველობით პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ეფექტურობის განხილვას დაუთმო.
მისი განცხადებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ კანონშემოქმედებით პროცესში და მის ღიაობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. მისი ინფორმაციით, 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა, ინტერნეტთან წვდომის რაოდენობის გაზრდამ საგრძნობლად გააფართოვა საზოგადოების ჩართულობის ინტენსივობა და არეალი.
„ბოლო ათი წლის მონაცემების ანალიზისას კარგად ჩანს თუ როგორ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მმართველობით პროცესებში. აშკარაა, რომ მოქალაქეები უფრო მომთხოვნები გახდნენ და საკუთარ მოსაზრებებს სოციალური ქსელების გამოყენებით აქტიურად გადმოსცემენ. სოციალური მედია ოპერატიულად, პირდაპირი ეთერის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში გადმოსცემს პარლამენტის მუშაობის პოლიტიკურ პროცესებს, რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს მუდმივად თვალყური ადევნოს ამ პროცესებს და კომენტარების გამოყენებით საკუთარი მოსაზრებებიც დააფიქსიროს“, – აღნიშნა სკოტ ჰუბლიმ.
ფილიპე უარდ ედვარდსმა, ჩილეს კონგრესის დეპუტატმა საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ისაუბრა და გამჭვირვალეობის პროცესში ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი ინფორმაციით, ჩილეს პარლამენტის საქმიანობის პირდაპირი ეთერით გადაცემა, ღიაობის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს მოქალაქეების ჩართულობის ხარისხს ვერ აუმჯობესებს. ამისათვის კი აუცილებელია პარლამენტის ვებგვერდებზე მეტი ინფორმაციის განთავსება განხორციელდეს და სტატისტიკური ანალიზი დაიდოს. მოსახლეობამ პარლამენტის წევრების საქმიანობაზე, მათ შემოსავლებზე და პოლიტიკურ გამოცდილებაზე მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს, რაც მოქალაქეებს არჩევნების დროს ამა თუ იმ პოლიტიკური პლატფორმის არჩევის საშუალებას მისცემს.
„ჩვენი საქმიანობის ხარისხის გაზრდა პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეების ჩართულობის გაზრდასთან, ამისათვის კი ახალი ტექნოლოგიების განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – დასძინა ჩილელმა კანონმდებელმა. გაეროს განვითარების პროგრამის საპარლამენტო განვითარების კონსულტანტმა, ფრანკლინ დე ვრიზიმ თავის გამოსვლაში ჩატარებული კვლევების და მათი შედეგების ანალიზზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ორგანიზაციამ ათი სხვადსხვა ქვეყნის პარლამენტის ვებ-გვერდი შეისწავლა და ღიაობის პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა მოამზადა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები აღინიშნება, როგორიცაა კენჭისყრის შედეგების მონაცემების განთავსება, ინფორმაციების დაყოვნება და მათი დაგვიანებით განახლება. არსებული გამოწვევების უზრუნველსაყოფად კი მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების ეფექტური დანერგვა, როგორიც შეიძლება იყო პარლამენტის ვებგვერდის მობილური აპლიკაციების შექმნა და მათზე სრულყოფილი ინფორმაციის ატვირთვა. პანელის ბოლო გამომსვლელმა, ევროპარლამენტის წევრმა, მარიჩე შააკმა, კონფერენციის მონაწილეებს ვიდეო ჩანაწერით მიმართა. მისი მოსაზრებით, ღიაობის პროცესში და მოსახლეობის ჩართულობის ხარისხის გაზრდაში აუცილებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და სრულყოფა. ჰოლანდიელი კანონმდებლის განცხადებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მოსახლეობასთან კომუნიკაციაში მთავრობის ვალდებულებას გაზრდის, ეს კი აუცილებელია იმისათვის, რომ მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის საკითხებზე იყოს ორიენტირებული. გამოსვლების შემდეგ კონფერენციის მუშაობა კითხვა-პასუხით გაგრძელდა. მონაწილეებმა საკანონმდებლო ღიაობის პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს. აღნიშნულმა პანელმა მუშაობა სასიამოვნო ინფორმაციით დაასრულა. მოდერატორმა კონფერენციის მონაწილეებს პანელზე გამომსვლელის ფილიპე უარდ ედვარდის დაბადების დღე ამცნო. ფორუმზე შეკრებილმა საზოგადოებამ იუბილარს დაბადების დღე სხვადასხვა ენაზე შესრულებული სიმღერით მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები