ბარაკ ობამას თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ რუსეთისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე აშშ-სთვის
აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას მიაჩნია, რომ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო“ რუსეთისთვის ბევრად უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე აშშ-სთვის. ამიტომ თეთრი სახლის მეთაური ასადის გაძლიერების სტრატეგიას „დიდ შეცდომას“ უწოდებს.
„განწირულს“ უწოდებს ბარაკ ობამა მოსკოვის მცდელობას, მხარი დაუჭიროს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს. ამერიკის პრეზიდენტის აზრით, სირიაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაზრდა ბაშარ ასადის ხელისუფლების „ნერვიულობის“ მაჩვენებელია.
„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ურჩია რუსეთს, „უფრო ჭკვიანურად“ მოიქცეს სირიის საკითხზე მოლაპარაკების დროს.
სააგენტო „როიტერმა“ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სირიას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირ-ს1“-ს აწვდის. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა სირიის საპორტო ქალაქ ლატაკიასთან ავიაბაზის მშენებლობა დაიწყო.