უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმში ბერლუსკონის ვიზიტს აპროტესტებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ყირიმში იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩასვლას აპროტესტებს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს 11 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის და პოლიტიკური ორგანიზაცია „წინ იტალიას“ ლიდერის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ვიზიტს დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აცხადებენ, რომ ნახევარკუნძულზე ამ ოფიციალური პირების ვიზიტი უკრაინის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლის წესების დარღვევით ხდება.
„ოკუპირებულ ყირიმში ეს ვიზიტი არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის კიდევ ერთი მცდელობა და უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ უპატივცემულობა. ევროპელი პოლიტიკოსის ქმედება ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციას გმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სილვიო ბერლუსკონი და ვლადიმერ პუტინი ყირიმში 11 სექტემბერს შეხვდნენ. მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბერლუსკონის ვიზიტი არაოფიციალურია.