ნურსულთან ნაზარბაევმა ვიცე-პრემიერად საკუთარი ქალიშვილი დანიშნა
ყაზახეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი – დარიგა ნაზარბაევა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ნურსულთან ნაზარბაევმა მოაწერა ხელი.
დარიგა ნაზარბაევა 2007 წლამდე ყაზახი ბიზნესმენის რახატ ალიევის მეუღლე იყო, მაგრამ 2007 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ალიევს „ნურბანკის“ ორი დამფუძნებლის გატაცებას აბრალებდნენ. ალიევმა ოპოზიციაში გადასვლის შესახებ განაცხადა და ავსტრიაში გაემგზავრა. 2008 წელს კი ალიევის და დარიგა ნაზარბაევას ქორწინება დაუსწრებლად გაუქმდა. მაშინვე ყაზახეთის სასამართლომ ალიევს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ავსტრია ყაზახეთისთვის ალიევის გადაცემაზე თავდაპირველად უარს აცხადებდა, მაგრამ 2011 წელს მის წინააღმდეგ მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2014 წელს რახატ ალიევი ავსტრიის სამართალდამცველმა ორგანოებმა დააკავეს და ყაზახეთში მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღეს. 2014 წლის თებერვალში ალიევმა ავსტრიის ციხეში თავი მოიკლა.