3 წლის დაღუპული სირიელი ბავშვის ფოტოებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო

სამი წლის დაღუპული სირიელი ბავშვის ფოტოებმა, რომლის ცხედარი თურქეთის ქალაქ ბოდრუმის სანაპიროზე აღმოაჩინეს, მსოფლიო შოკში ჩააგდო.
The Huffington Post-ის ცნობით, ფოტოები, რომლებზეც დაღუპული სირიელი ბავშვია გადაღებული, რომელიც პლაჟზე სახით ქვევით წევს, კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა ტრაგიკული სიტუაციაა შექმნილი ევროპაში მოხვედრის მსურველ მიგრანტებთან დაკავშირებით. გამოცემის ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი სანაპიროზე მას შემდეგ გამოირიყა, რაც ორი ნავი, რომლებსაც სირიელი ლტოლვილები გადაჰყავდა, ამობრუნდა. მიგრანტები ნავებით თურქეთის ქალაქ ბოდრუმიდან საბერძნეთში ჩასვლას ცდილობდნენ.
გადარჩენილების თქმით, ამ კატასტროფის დროს, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ოთხი ბავშვი და ქალი. შვიდი ადამიანი კი გადარჩა. თურქული მედიის ცნობით, დაღუპული 3 წლის აილან კურდია სირიის ქალაქ ქობანიდან. მისი 5 წლის ძმა ასევე დაღუპულად ითვლება. „მე მგონი, ეს ფოტო ზუსტად აჩვენებს ევროპული პოლიტიკის სრულ კრახს ამ ძალზე ღრმა კრიზისთან დაკავშირებით“, – განაცხადა Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა პიტერ ბუკერტმა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად გერმანია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა გააკეთა. ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა მარტინ შულცმა კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად დევნილებისთვის სპეციალური სტატუსის შემოღება და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მათი გადანაწილების კვოტების დაწესება მოითხოვა.

11948046_10204570458933067_1918690804_n

11992531_10204570458973068_453362401_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები