"lenta.ru”: რუსეთმა ყირიმში ჯარი რეგლამენტის დარღვევით შეიყვანა
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის საბჭომ 1 მარტს რეგლამენტის დარღვევით მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „lenta.ru” -საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური ტელეარხის ჩანაწერში ჩანს, რომ სენატორების რეგისტრაციის შედეგად დარბაზში გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი კვორუმი არ იყო. რის შემდეგაც ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ დაგვიანებულმა დეპუტატებმა მათი ხმების დამატება სთხოვეს. გამოცემის ცნობით, ერთი წუთის შემდეგ დარეგისტრირებული დეპუტატების რაოდენობა, ნაცვლად 78-ისა, დაფიქსირდა 85 სენატორი – ერთი ადამიანით მეტი, ვიდრე მინიმალური კვორუმისას და მატვიენკომ სხდომა გახსნილად გამოაცხადა.
ამასთან, ყირიმში ჯარების შეყვანას ხმა მისცა უკვე 90-მა სენატორმა. „lenta.ru”-ს ცნობით, რეგლამენტის თანახმად, აუცილებელი იყო დამატებითი რეგისტრაცია, ხოლო დაგვიანებული სენატორების ბარათები უნდა დაბლოკილიყო, რაც არ მოხდა. მათივე თქმით, დარღვევა შესაძლოა საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი გახდეს.