აკუნინი: ყირიმელები მწარედ ინანებენ უკრაინისგან გამოყოფას

  წარმოშობით ქართველი და რუსეთში მოღვაწე მწერალი ბორის აკუნინი – ჩხარტიშვილი ყირიმის მიერთების შემდეგ რუსეთს პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მოქცევას უწინასწარმეტყველებს. აკუნინი წერილს აქვეყნებს, სადაც ვრცლად საუბრობს იმაზე, რომ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისი შეიარაღებული ჯარების შეყვანა რუსეთს ძვირად დაუჯდება. ბორის აკუნინის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„მე ახლა უკრაინაზე არ ვფიქრობ, ანუ უკრაინაზეც, მაგრამ ეს ბოლოს და ბოლოს თუნდაც მონათესავე, მაგრამ მაინც სხვა ქვეყანაა, რომელსაც თავისი გზა აქვს. მე ამ ქვეყანას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მან ვაჟკაცობით და სისხლით დაამტკიცა, რომ – ქვეყანაა. ვფიქრობ, მას ყირიმის გარეშეც ყველაფერი კარგად ექნება. დასავლეთი არ დაიშურებს მისთვის დახმარებას, რათა უკრაინა დემოკრატიული ღირებულებების ვიტრინად იქცეს. ყირიმელები ალბათ მწარედ ინანებენ უკრაინისგან გამოყოფას, მაგრამ მე უფრო მეტად, ჩემი ქვეყნის – რუსეთის ბედი მაინტერესებს. იგი ძალიან ბუნდოვანად გამოიყურება.
მინდა ვკითხო იმ თანამემამულეებს, რომელთაც ძალიან უხარიათ წინასწარ გადაწყვეტილი ყირიმის მიერთების საკითხი (ასეთი, როგორც ვატყობ, უმრავლესობაა). პატივცემულო უმრავლესობავ, გინდათ იცოდეთ რის ფასად დაგვიჯდება მოპოვებული ნადავლი? არა? იმის შედეგად, რომ რუსეთმა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისი შეიარაღებული ჯარების ნაწილები შეიყვანა (რასაც არ უნდა იტყუებოდეს ,,ღვთიური ანგელოზი“ პუტინი) მოხდება შემდეგი:
რუსეთი ჯერ პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცევა, შემდეგ კი ეკონომიკურში. დაიწყება ფულის საზღვარგარეთ გადინება, ინვესტიციები აღარ იქნება, ჩვენს გაზს და ნავთობს კი მსოფლიო სხვა შემცვლელს უცებ მოუნახავს. ასე, რომ საწვავიდან ზეშემოსავლები მალე დამთავრდება. ეს ყველაფერი, გარდაუვალ სამხედრო ხარჯებთან ერთად, რუბლის ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი კონვერტირების გადადებაც მოხდება. ასე, რომ, დაემშვიდობეთ ანტალიას, ეგვიპტეს და ტაილანდს.
მკვეთრად გაძვირდება იმპორტული საქონელი, ზოგიერთი კი საერთოდ გაქრება. ვალუტის მარაგი დიდხანს აღარ გვეყოფა. იმისთვის, რომ გადაიხადოს ხელფასები და პენსიები, ხელისუფლებას საბეჭდი დაზგის ამუშავება მოუწევს. ეს ინფლაციას და ფასების ზრდას გამოიწვევს. ბუიჯეტში შემტან ადამიანებს გადახდის საშუალება აღარ ექნებათ და სახელმწიფო გახდება ბანკროტი.
იმისთვის, რომ მომძლავრებული უკმაყოფილება ჩაახშოს, რეჟიმს მოუწევს უფრო მკაცრი ზომები გაატაროს, მოიქცეს კანონდარღვევებით. ინტერნეტი იქნება კასტრირებული, ცენზურებით. პოლიტპატიმრების რიცხვი გაიზრდება და ამ კატეგორიაში მოხვდებიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკიდან ძალიან შორს არიან. ნებისმიერი პროტესტი დაისჯება.
დიახ, ყირიმის ავანტიურის ხარჯზე, პუტინმა ხელისუფლებაში ყოფნა სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყო. ახლა მას უბრალოდ შეეშინდება გადადგომა. თუმცა ეს ხელისუფლებაში ყოფნა – ეჭვი მეპარება, დიდხანს გაგრძელდეს და რითიც დამთავრდება, ალბათ, ადვილი მისახვედრია. როდესაც არ არსებობს გაღატაკებული რეჟიმის ცვლის ლეგალური მექანიზმი, ერთვება რევოლუციის მექანიზმი. რევოლუცია კი, მით უმეტეს, მრავალნაციონალურ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ქვეყანაში, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს, ძალიან საშიშია.
მე არც არავის დავჩხავი და არც არავის ვაშინებ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არა მხოლოდ აშკარაა, პრაქტიკულად გარდაუვალიცაა. თუ, რა თქმა უნდა, სასწაული არ მოხდა.
ასე რომ, საცოდავო, მოზეიმე უმრავლესობავ, გილოცავთ ყირიმის მიერთებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები