დიმიტრი პესკოვმა მესამე ცოლი მოიყვანა
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ცოლად ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონი ტატიანა ნავკა შეირთო. საქორწინო ცერემონია სოჭში, ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან სასტუმრო „როდინაში“ გაიმართა. მოწვეულ სტუმართა შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იყო, თუმცა დაესწრო თუ არა ის საკუთარი პრესსპიკერის ქორწილს, ამ დროისათვის უცნობია.
ტატიანა ნავკასთვის დიმიტრი პესკოვი მეორე მეუღლეა. მისი პირველი ქმარი ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრე ჟულინი იყო. ჟულინთან ერთად ნავკა რამდენიმე წელს აშშ-ში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. 10-წლიანი ქორწინების შემდეგ ნავკა და ჟულინი გაეყარნენ.
პესკოვმა ცოლი მესამედ მოიყვანა. პირველი ორი ქორწინებიდან მას ოთხი შვილი ჰყავს – სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, პესკოვის და ნავკას ქორწილთან დაკავშირებით „როდინას“ სიახლოვეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იყო მიღებული, ხოლო ქალაქის ქუჩები საპატიო სტუმრების გავლის დროს პერიოდულად იკეტებოდა.