კალიფორნიაში ხანძარი მძვინვარებს- გუბერნატორმა საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა

კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა ხანძრის შემთხვევების მატების გამო მიიღო. ამჟამად კალიფორნიის ტერიტორიაზე 20 მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა. ცეცხლის ლოკალიზებაში 8 ათასზე მეტი მეხანძრე და რამდენიმე ათეული ტექნიკაა ჩართული.
ყველაზე რთული ვითარება შტატის ჩრდილოეთითაა შექმნილი, სადაც ძლიერი ხანძარი სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით, ლოვერის ტბის რაიონში მძვინვარებს. სახიფათო რაიონიდან უკვე 650 ადამიანია ევაკუირებული.
მეორე ძლიერი ხანძარი კი თითქმის ერთი კვირაა, ნაპას ხეობის რაიონშია გაჩენილი. საშიშ ზონაში, ხანძრის გავრცელების საშიშროების ქვეშ 136 სახლი და ნაგებობაა. “არსებულმა ბუნებრივმა პირობებმა, მათ შორის გვალვამ, რომელიც უკვე მეოთხე წელია გრძელდება, კალიფორნია დენთის კასრად აქცია”, – განაცხადა ჯერი ბრაუნმა, საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე, განკარგულების ხელმოწერისას.
ტელეკომპანია NBC-ის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას, ხანძართან საბრძოლველად ნაციონალური გვარდიის მობილიზებისა და შტატის ბიუჯეტიდან, ექსტრემალური ფინანსური ფონდების გამოყოფის უფლებას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები