თურქეთში რკინიგზა ააფეთქეს

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, პროვინცია ვანში, რკინიგზაზე ნაღმი აფეთქდა. ამის შესახებ გამოცემა Sabah იუწყება.
აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც რკინიგზაზე მატარებელი გადაადგილდებოდა, რომელშიც თურქი და ირანელი მუშები იმყოფებოდნენ. მსუბუქად დაშავდა მემანქანე, დაზიანდა მატარებელი და რკინიგზის ლიანდაგი.
თურქეთის პოლიცია და უშიშროების ძალები ეჭმიტანილთა დასაკავებლად ოპერაციას ატარებენ.
თურქეთის რკინიგზაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მესამე ტერაქტი მოხდა. 30 ივლისს ყარსის პროვინციაში ქურთთა მუშათა პარტიის წარმომადგენლებმა სატვირთო მატარებლის სიახლოვეს ბომბი ააფეთქეს. შედეგად დაზიანდა მატარებლის შემადგენლობა. როდესაც მუშებმა მისი შეკეთება დაიწყეს, ბოევიკებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ერთი მუშა დაიღუპა.
29 ივლისს კი ასაფეთქებელი მოწყობილობა ბინგოლის პროვინციაში ანკარა-თეირანის მატარებლის გზაზე ააფეთქეს. ამ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე რემონტის შემდეგ მატარებელმა მოძრაობა გააგრძელა. ქურთთა მუშათა პარტიას და ანკარას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიასა და ერაყში ქურთთა პოზიციები დაბომბეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები