დიდ ბრიტანეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში, სავარაუდოდ, ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრები დაიღუპნენ
ცნობილი ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. Daily Mail-ის ინფორმაციით, კატასტროფა ბლეკბუშის აეროდრომზე მოხდა.
გამოცემის ცნობით, სულ თვითმფრინავში 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის ერთი პილოტი იყო. დაფრენის დროს თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს აცდა, შემდეგ აეროპორტის ღობე გაანგრია და ავტოსადგომზე აღმოჩნდა, სადაც საწვავით სავზე ცისტერნას დაეჯახა. შეჯახების შედეგად აფეთქება მოხდა. ხანძარმა თვითმფრინავი მთლიანად გაანადგურა. დაიწვა ასევე რამდენიმე ავტომობილი.
სამართალდამცველების ვერსიით, ტერაქტის შესაძლებლობა გამოირიცხება. თვითმფრინავი კომპანია Salem Aviation-ში იყო რეგისტრირებული. ეს ფირმა ლადენების ოჯახს ეკუთვნის და ყოფილი პირველი ტერორისტის ძმის – სალემის სახელს ატარებს. ის პილოტი იყო და რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. თვითმფრინავი ინგლისში მილანიდან ჩამოფრინდა, სადაც ლადენების ოჯახს ბიზნესი აქვს.
ყველა შეგროვებული მასალის მიხედვით, Daily Mail აკეთებს დასკვნას, რომ თვითმფრინავში ბინ ლადენის სამი ნათესავი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. Daily Mail-ის ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ. საუდის არაბეთის ხელისუფლება ინფორმაციას ამოწმებს.
ოსამა ბინ ლადენი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში „მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის“ სახელს ატარებდა, ამერიკელმა სპეცრაზმელებმა 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში მოკლეს.