ეკა ზღულაძის ინფორმაციით, კიევის ახალი საპატრულო პოლიციის 12 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილბით, კიევის ახალი საპატრულო პოლიციის 12 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს. ამის შესახებ ხარკოვში ვიზიტის დროს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა.
„სამსახურიდან 12 თანაშრომელი სხვადასხვა მიზეზით გაათავისუფლეს. რამდენიმე ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს, ვინაიდან მათ მანქანაში ჩაეძინათ“, – განაცხადა ზღულაძემ.
კიევში საპატრულო პოლიციამ მუშაობა 4 ივლისს დაიწყო. კიევი პირველი ქალაქი გახდა, რომელსაც პოლიციის რეფორმა შეეხო. უკრაინის დედაქალაქში საპატრულო პოლიციაში სამუშაოდ 2 000 ადამიანი მიიღეს.
ამის შემდეგ საპატრულო პოლიციელები ხარკოვის, ოდესის და ლვოვის ქუჩების პატრულირებას შეუდგებიან, ხოლო წლის ბოლომდე ეს სამსახური დნეპროპეტროვსკში, ნიკოლაევში, უჟგოროდში, ხმელნიცკში და ლუცკში უნდა ამოქმედდეს.