თალიბებმა ახალი ლიდერი დაასახელეს
ავღანეთში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ ახალი ლიდერი მოლა ახტარ მოჰამედ მანსური გახდა. ის დაღუპულ ლიდერთან მოლა ომართან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი იყო.
ომარი და მანსური მოკავშირეები ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის დროს გახდნენ. 2003 წელს ავღანეთში ნატოს ჯარის შეყვანის შემდეგ ის პაკისტანში გაიქცა. მანსურის მომხრეები მას დღესაც პაკისტანელ სამხედროებთან კავშირში ადანაშაულებენ.
ამასთანავე, „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახტარ მოჰამედ მანსურის კანდიდატურას „თალიბანის“ ყველა ქვედანაყოფი მხარს არ უჭერს. როგორც მოლა მოჰამედ ხასან რაჰანიმ განაცხადა, მანსური „თალიბანის“ მცირე ჯუფმა აირჩია, სხვა ცნობილი საველე მეთაურების პროტესტის მიუხედავად.
ხუთშაბათს „თალიბანის“ ხელმძღვანელობამ მოლა ომარის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ომარის დაღუპვის შესახებ ცნობები მანამდეც რამდენჯერმე გავრცელდა, მაგრამ „თალიბები“ მათ უარყოფდნენ.