ნიგერიაში მომხდარ ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად ნიგერიის ქალაქ მაიდუგურიში 10 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივ ბაზარში მოხდა.
ნიგერიაში მოქმედებს ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ხარამი“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ატერორებს. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, რომელმაც ქვეყანაში ტერორისტების განადგურების პირობა დადო, ექსტრემისტებმა ასობით ადამიანი დახოცეს.
ბოლო დღეებში ნიგერიელმა სამხედროებმა ტერორისტებთან ბრძოლაში რამდენიმე წარმატებას მიაღწიეს. კერძოდ, მათ „ბოკო ხარამის“ „ბოევიკების“ ტყვეობიდან 71 ადამიანი გაათავისუფლეს, ძირითადად, ახალგაზრდა გოგონები და ქალები. ამ ოპერაციის შედეგად მრავალი ტერორისტი განადგურდა, ხოლო მათი ბანაკი ქალაქ მაიდუგურისთან სამხედროებმა მოსპეს.
ნიგერიაში ტერორისტებთან 6-წლიანი დაპირისპირების შედეგად 20 ათასი ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონზე მეტი იძულებული იყო, საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები