ვლადიმერ პუტინი ყირიმში ჩასვლას გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაგეგმილ ექსპედიციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ გეოგრაფიულ საზოგადოებასთან დაახლოვებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ექსპედიციის დეტალები გასაიდუმლოებულია. გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზანი „დიდი აბრეშუმის გზასთან“ დაკავშირებული ადგილების შესწავლაა. გარდა ამისა, ექსპედიციის მონაწილეები შავი ზღვის ფსკერზე არსებული ანტიკური პერიოდის გემების შესწავლას გეგმავენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინი რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთ ექსპედიციაში მიიღებს მონაწილეობას, მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა. ამასთანავე ექსპედიციის დეტალები მან არ დააკონკრეტა.
ოფიციალურად პუტინი ოკუპირებულ ყირიმში ორჯერ იმყოფებოდა. 2014 წლის 9 მაისს ის სევასტოპოლში სამხედრო აღლუმს დაესწრო. 2014 წლის აგვისტოში კი უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან სევასტოპოლში თათბირი გამართა და იალტაში სახელმწიფო სათათბიროს წევრებს შეხვდა.