დიდი ბრიტანეთი რუსეთს ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში ადანაშაულებს
ადვოკატმა რიჩარდ ჰორუელმა, რომელიც ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეში დიდი ბრიტანეთის გამოძიების ოფიციალური წარმომადგენელია, რუსეთის ხელისუფლება უშიშროების ყოფილი ოფიცრის მკვლელობასთან კავშირში დაადანაშაულა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ასე თუ ისე, რუსეთის ხელისუფლება ლიტვინენკოს მკვლელობაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ჰორუელმა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლის დროს.
ადვოკატის განმართებით, ტერმინი „ასე თუ ისე მონაწილეობდა“ იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ლიტვინენკოს მკვლელობის რამდენიმე მოტივი ჰქონდა, ხოლო მისი მოკვლა რუსეთის ხელისუფლების ჩარევის გარეშე ვერ მოხდებოდა.
მკვლელობის უშუალო შემსრულებლებად ჰორუელი რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილ თანშრომელს, ამჟამად სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს ანდრეი ლუგოვოის და რუს ბიზნესმენს დიმიტრი კოვტუნს ადანაშაულებს.
ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წლის 1 -ელ ნოემბერს ლონდონში რადიაქტიული პოლონიუმით მოწამლეს. სამი კვირის შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.