„ჰით ბათუმი 2015“ -ის  ფარგლებში საერთაშორისო მასშტაბის Adjara fashion week-ი გაიმართება

0

”ჰით  ბათუმი 2015” –  პროექტი გრძელდება და  ყოველთვის მზადაა, დასვენების პარალელურად,  ზღვისპირა ქალაქის სტუმრებს საუკეთესო, გასართობი და სანახაობრივი  ღონისძიებები შესთავაზოს. აჭარა ამჯერად  პირველი მოდის კვირეულისთვის ემზადება, სადაც 15-მდე დიზაინერი საზაფხულო კოლექციას წარმოადგენს. კვირეულის მოლოდინში ორგანიზატორებსა და მონაწილეებს თითქმის ყველაფერი მზად აქვთ.

”ჰით  ბათუმი 2015”-ის ფარგლებში 30 ივლისიდან 2 აგვისტომდე,  კემპინსკიზე    კომპანია Fashion Group-ისა და საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაციის ორგანიზებით,  აჭარაში პირველად   საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება  Adjara Fashion Week–ი გაიმართება.

Adjara Fashion Week–ი აუდიტორიას გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარუდგენს და სამომავლოდ ყოველწლიურ სახეს მიიღებს. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის პოპულარიზაციას, ხელოვნებისა და მოდის განვითარებას, ამავდროულად, პროექტის ძირითადი ამოცანაა ქართველ დიზაინერებს მიეცეს  შესაძლებლობა, საერთაშორისიო მასშტაბით წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები და მოწვეულ „ბაიერებს“ ევროპიდან და აზიიდან გააცნონ საკუთარი ნაწარმი, რაც თავის მხრივ ქართული მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობისა და დაწინაურების წინაპირობაა.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმს სხვადასხვა მაღალის დონის სტუმარი ეწვევა; კრიტიკოსებს, „ბაიერებს“,  ბლოგერებს,  ჟურნალისტებს, რედაქტორებს პოპულარული მოდის გამომცემლობიდან  და დიზაინერებს აჭარის მოდის კვირეული უმასპინძლებს.

აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოდის კვირეულის ორგანიზატორი საიად საბაევი უკვე ბათუმშია.

„ქართველებს აქვთ სტილის შეგრძნება. მიადვილდება სხვადასხვა ეროვნებას შორის მათი  გამორჩევა. ძალიან გაბედულად იცმევენ კაბას, ფეხსაცმელს… თამამად ირჩევენ აქსესუარებს. დამსვენებლებს ბათუმში ჩამოსასვლელად დამატებით ერთი საბაბი  აქვთ: Adjara Fashion Week-ი…“ – აღნიშნავს საიად საბაევი.

Adjara Fashion Week-ის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ძალისხმევითა და ფინანსური უზრუნველყოფით, ბათუმს ე.წ. ბაიერები ესტუმრებიან ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან. მეწარმეობის განვითარების სააგენტო თბილისის მოდის კვირეულებზე აქტიურად იყო ჩართული და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული დიზაინერების ნამუშევრებისა თუ კომპანიების ნაწარმის საზღვრებს გარეთ გატანას, რასთან ერთადაც მსოფლიო ბრენდებს შორის კავშირების დამყარებაშიც შეაქვს წვლილი.

კომენტარები

კომენტარი