უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მუშაობით უკმაყოფილოა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ ზოგიერთ გუბერნატორს სუბსიდიების საკითხზე ჩაგდებული სამუშაოს გამო პერსონალური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
სხვა გუბერნატორებთან ერთად იაცენიუკმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის დასჯაც მოითხოვა. ამ ინფორმაციას OnPress.info ავრცელებს.
უკრანის პრემიერის ინფორმაციით, სუბსიდიების მიღებაზე განაცხადების შევსების საკითხზე ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ოდესის, ხარკოვის, იმიერკარპატების, ჩერნოვიცკის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში.
„მე გთავაზობთ მინისტრთა კაბინეტის სხდომის ოქმში ჩაიწეროს პერსონალური პასუხისმგებლობის მოთხოვნა ამ რეგიონების მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფის და სუბსიდიების გაფორმების ჩაგდების გამო“. – განაცხადა იაცენიუკმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, მრავალი ადამიანი ფულს ვერ მიიღებს სწორედ იმის გამო, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა.