რუსეთმა მალაიზიურ „ბოინგთან“ დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო
გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური „ბოინგის“ დაღუპვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის რეზოლუცია ვერ მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო. 11-მა ქვეყანამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ხოლო სამმა – ჩინეთმა, ანგოლამ და ვენესუელამ თავი შეიკავეს.
როგორც კენჭისყრამდე მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრმა ლიოუ ტიონგ ლაიმა განაცხადა, საერთაშორისო ტრიბუნალი არის „ბოინგის“ დაღუპვასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის და დამნაშავეთა დასჯის ოპტიმალური ვარიანტი.
რეზოლუციის მიღებამდე უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიურეი მაკალაიმ დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. როგორც კენჭისყრის შემდეგ რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რუსეთი მხარს უჭერს „ბოინგის“ დაღუპვის გარემოებების დადგენას და დამნაშავეთა დასჯას. ამასთანავე, რუსეთის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოსკოვს დღეს მიმდინარე გამოძიების მიმართ „სერიოზული კითხვები“ აქვს.