რუსეთი ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პროდუქციას საზღვარზე გაანადგურებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საზღვარზე ემბარგოს სიაში მოხვედრილი პროდუქტების განადგურების ბრძანებას ხელი მოაწერა. ის 6 აგვისტოდან შედის ძალაში. სანქციაში მოხვედრილი პროდუქტების განადგურება რუსეთის პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩოვმა შესთავაზა.
მთავრობას ამ გადაწყვეტილების შესრულების წესი დაევალა. ბრძანებულებაში მითითებულია, რომ ის არ ვრცელდება ფიზიკური პირების მიერ პირადი სარგებლობისთვის შეტანილ პროდუქტებზე.
პროდუქტების „შავ სიაში“ შესულია აშშ-ს, კანადის, ნორვეგიის, ასევე ევროკავშირის ქყეყნების და ავსტრალიის პროდუქცია. ესენია: საქონლის და ღორის ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი და თევზეულობა, ასევ რძის ნაწარმი. ემბარგო შეეხო ასევე ხილს და ბოსტნეულს.
რუსეთმა ამ ქვეყნებს ემბარგო მის წინააღმდეგ მიღებული სანქციების საპასუხოდ დააწესა.