მოსკოვში „დევნილი უკრაინის მთავრობის“ შექმნა იგეგმება
უკრაინის ყოფილი მთავრობის წევრები მოსკოვში „უკრაინის გადარჩენის კომიტეტს“ ქმნიან, რომელიც უკრაინის მოქმედი მთავრობის ალტერნატივა უნდა გახდეს.
როგორც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი აზაროვის წარმომადგენლებმა „გაზეტა.რუ“-ს შეატყობინეს, ამ პროექტის პრეზენტაცია ხუთშაბათს გაიმართება. იქვე გახდება ცნობილი უკრაინის „ალტერნატიული პრეზიდენტის“ სახელი. ამ „თანამდებობის“ დაკავების ყველაზე დიდი შანსი უმაღლესი რადას ყოფილ წევრს ვლადიმერ ოლეინიკს აქვს, ხოლო „დევნილი მთავრობის თავმჯდომარის“ „თანამდებობას“ თავად აზაროვი დაიკავებს.
2015 წლის დასაწყისში უკრაინის სასამართლომ ნიკოლაი აზაროვს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ამჟამად ის „ინტერპოლის“ მიერ არის ძებნილი. აზაროვი უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2010 -2014 წლებში იყო.