„ბი-ბი-სი“ – „თალიბანის“ ლიდერი მოლა ომარი გარდაიცვალა

ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ ლიდერი მოლა ომარი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიას ავღანეთის მთავრობის და დაზვერვის წყაროებმა შეატყობინეს, ომარი ორი-სამი დღის წინ გარდაიცვალა. მისი დაღუპვის მიზეზები უცნობია.
„თალიბანის“ წარმომადგენლებმა ამ ფაქტზე კომენტარი არ ისურვეს და თქვეს, რომ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.
მოლა ომარის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიაში ადრეც გავრცელებულა, მაგრამ მოგვიანებით მას თალიბები უარყოფდნენ.
„თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედი ყველაზე ძლიერი რადიკალური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნიდან უცხოური შეიარაღებული ძალების გაყვანისთვის იბრძვის. „თალიბანის“ და ავღანეთის სამთავრობო ძალების შეტაკებების შედეგად ხშირად შვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები