თურქეთის ავიაციის მიერ ერაყელი ქურთების დაბომბვას ბაღდადი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას უწოდებს
ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ერაყის მთავრობა „ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად და საშიშ ესკალაციად“ აფასებს ავიადარტყმებს, რომლებიც თურქეთის ავიაციამ ერაყის ტერიტორიაზე განახორციელა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
ბოლო დღეებში თურქეთის ავიაციამ ქურთების შეიარაღებული ქვედანაყოფების პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელა. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმები ყველა იმ ძალის პოზიციაზე იქნება მიტანილი, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებას და მთლიანობას ემუქრება.
„ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ერაყის ხელისუფლება არ უშვებს ერაყის ტერიტორიიდან თურქეთზე თავდასხმას და თურქეთს მოუწოდებს „ორ ქვეყანას შორის ნორმალურ ურთიერთობებს პატივი სცეს“.
ერაყის გარდა, თურქმა სამხედროებმა თურქეთის ტერიტორიაზე ქურთების კომპაქტურად დასახლების ადგილებზეც მიიტანეს იერიში.