2 ათასამდე არალეგალი მიგრანტი ლა-მანშის გვირაბის მეშვეობით დიდ ბრიტანეთში შეღწევას შეეცადა

ორი ათასამდე მიგრანტმა გასულ ღამეს ლა-მანშის გვირაბის მეშვეობით საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლა სცადა. კომპანია „eurotunnel“-ის ინფორმაციით, რომელიც ამ გვირაბის ოპერირებას ეწევა, ეს ბოლო თვეების განმავლობაში გვირაბში შეღწევის ყველაზე მასშტაბური მცდელობა იყო.
ამამად ქალაქ კალეს მახლობლად 10 ათასამდე მიგრანტმა კარვები გაშალა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში გადასვლას იმედოვნებენ. ძირითადად, ისინი ეთიოპიის, ერიტრეის, სუდანის და ავღანეთის მოქალაქეები არიან.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა კომპანია „eurotunnel“-ის ქმედებას არალეგალი მიგრანტების თავდასხმის მოსაგერიებლად არასაკმარისი და არაეფექტიანი უწოდა. კომპანიის ხელმძღვანელობისთვის გაგზავნილ დოკუმენტში მან განაცხადა, რომ 2002 წლიდან მან დაცვის თანამშრომელთა რაოდენობა სამჯერ შეამცირა.
ლა-მანშის გვირაბთან უკანონო მიგრანტების საკითხი დროდადრო პრობლემური ხდება. ასე, მაგალითად, ივლისის დასაწყისში მიგრანტების ქმედების გამო სარკინიგზო მიმოსვლა ბლოკირებული იყო. მიგრანტთა რამდენიმე ჯგუფმა კალედან დიდ ბრიტანეთში მიმავალ მატარებლებში შეღწევა სცადა. პოლიციას ყველა ვაგონის შემოწმება დასჭირდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ იქ მხოლოდ მგზავრები იმყოფებოდნენ. ამის გამო მატარებლების გამგზავრება რამდენიმე საათით დაგვიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები