დენის გაძვირების წინააღმდეგ ერევანში ახალი აქცია იგეგმება
ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების წინააღმდეგ ერევნის ცენტრში ახალი აქციის ჩატარება იგეგმება. აქციის ინიციატორია მოქალაქეთა ჯგუფი „აღსდექ, სომხეთო!“ და ის რესპუბლიკის მოედანზე უნდა გაიმართოს.
„სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის გამოსვლის შემდეგ ერთი თვე გავიდა, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის საკითხი კი დღემდე არ მოგვარებულა. ამის გამო იგეგმება 72-საათიანი მჯდომარე პიკეტის ჩატარება და იმ მოთხოვნების გამეორება, რაც ბაგრამიანის გამზირზე აქციის დროს იყო წამოყენებული“, – აცხადებენ აქტივისტები.
ტელეკომპანია „ევრონიუსის“ ინფორმაციით, პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში მოქალაქეებს საპროტესტო აქციის გამართვის საშუალებას არ აძლევდა.
„ჩვენ ვთავაზობთ აქციის ჩატარებას ამავე მოედანზე, ოღონდ ოდნავ სხვა ადგილზე. აქციის ჩატარება კანონს ეწინააღმდეგება, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, ტოლერანტობა გამოვიჩინოთ და მის მონაწილეთა უსაფრთხოება დავიცვათ“, – განაცხადა ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ისიპიანმა.