მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში ტიმატის კონცერტი ჩაშალა – „ნამდვილი მამაკაცი ჰალსტუხს კი არ ღეჭავს, არამედ საქმეს აკეთებს“
ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილსა და რუს რეპერს ტიმატის შორის ინტერნეტსივრცეში დაპირისპირება მოხდა. სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ადამიანს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მხარს უჭერს, ოდესაში არაფერი ესაქმება.
„მათ, ვინც უკრაინის მისწრაფებას თავისუფლებისკენ ნარკომანიას ადარებს, უკრანის სცენაზე არაფერი ესაქმებათ. არ მესმის, როგორ შეეძლო ოდესის კლუბ “იბიცას“, რომელიც, ჩემი აზრით, ევროპაში საუკეთესოა, მისი მოწვევა. ადამიანის, რომელიც უკრაინას უმცროს ძმას უწოდებს და რუსეთის აგრესიას ამართლებს. ტიმატი რამზან კადიროვის საუკეთესო მეგობარია, ადამიანის, რომლის ხელები უკრაინელების სისხლშია ამოსვრილი“, – წერს სააკაშვილი.
ამის საპასუხოდ თავად ტიმატიმ განაცხადა, რომ ის კონცერტს აუქმებს, რათა „სააკაშვილს დამატებითი პროვოკაციის საბაბი არ მისცეს“.
„მე გავეცანი სააკაშვილის განცხადებას, რომელშიც ის მოუწოდებს ოდესელებს, ჩემს კონცერტზე არ მივიდნენ, ხოლო მესაზღვრეებს ავალებს, ოდესაში მე არ შემიშვან. მე არ მივცემ საშუალებას სააკაშვილს, ეს ფაქტი პროვოკაციისთვის გამოიყენოს და კონცერტს ვაუქმებ“, – დაწერა ტიმატიმ „ინსტაგრამში“.
ტიმატიმ განაცხადა, რომ შეუძლებელია იმ ადამიანის სერიოზულად აღქმა, რომელიც საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავს.
„რამდენად ღირს ისეთი ადამიანის სერიოზულად აღქმა, რომელმაც გაძარცვა საკუთარი ქვეყანა, არის ძებნილი და საკუთარი ხალხის მიერ ქვეყნიდან გამოგდებული? მე მიყვარს ოდესა და უკრაინა, უბრალოდ ჩვენ შექმნილი სიტუაციის მძევლები გავხდით. დარწმუნებული, ვარ, რომ ეს დროებითი ამბავია. ერთადერთი, რაშიც სააკაშვილი მართალია, არის ის, რომ „იბიცა“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. დანარჩენში კი მიმაჩნია, რომ თქვენ, ბატონო მიქაელ, ისეთი ადამიანების გვერდით, როგორიც არიან ვლადიმერ პუტინი და რამზან კადიროვი, ნახსენები ნამდვილად არ უნდა იყოთ. ნამდვილი მამაკაცი ჰალსტუხს კი არ ღეჭავს, არამედ საქმეს აკეთებს“, – წერს ტიმატი „ინსტაგრამში“.