უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რეანიმაციაში მოხვდა
უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იური ბაულინი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც პოლტავის ოლქში მოხდა, ბაულინი რეანიმაციაში მოხვდა.
„112 უკრაინას“ ინფორმაციით, ბაულინი პოლტავის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მილიცია გამოძიებას აწარმოებს. არხის ინფორმაციით, ბაულინმა თავის ტრავმა მიიღო და დაუზიანდა ქვედა კიდურები. ამავე ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი სამსახურის მანქანით გადაადგილდებოდა და ავარიის დროს მგზავრის სავარძელში იმყოფებოდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარია კიევი-ხარკოვის ტრასაზე მოხდა. ერთმანეთს Toyota Camry-ის და Nissan-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად Nissan-ში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ასევე დაშავდა Toyota Camry-ის ორი მგზავრი.
იური ბაულინი უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 2014 წლის მარტში აირჩიეს.