აჰმედ დავუთოღლუ – თურქეთი საკუთარ საზღვრებს ისე დაიცავს, როგორც საჭიროდ ჩათვლის

თურქეთის არმიამ, რომელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელა, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი კერა მთლიანად გაანადგურა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განუცხადა.
„ანკარა საკუთარი საზღვრების დაცვის, ქვეყნის უსაფრთოხების უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. ჩვენ ასეთ სამხედრო ოპერაციებს არავისთან არ ვათანხმებთ და არავისთან პასუხს არ ვაგებთ, მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე. ამ კანონიერ უფლებას ქვეყნის კანონიერ ხელისუფლებას ვერავინ წაართმევს. რომელი ტერორისტული დაჯგუფებაც არ უნდა დაგვემუქროს, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
დავუთოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ჩრდილოეთ ერაყის ქურთების ავტონომიის ხელმძღვანელთან მასუდ ბარზანისთან, რომელმაც თურქეთის ქმედებას სოლიდარობა გამოუცხადა. „ბარზანიმ განაცხადა, რომ თურქეთი ამ ოპერაციას კანონის ფარგლებში ატარებს“, – აღნიშნა დავუთოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიასა და ერაყში 24 და 25 ივლისს “ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების მუშათა პარტიის პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს. პარალელურად, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში ეჭვმიტანილი 600-ზე მეტი პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები