ბარაკ ობამა მამამისის ისტორიულ სამშობლოში ჩავიდა
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კენიაში ჩავიდა, სადაც მამამისი დაიბადა და გაიზარდა. ის ოჯახურ ვახშამს დაესწრო.
ადგილობრივმა მედიამ უკვე უწოდა ობამას ვიზიტს „სახლში დაბრუნება“. კენიის დედაქალაქ ნაირობიში პრეზიდენტის კორტეჟს ათასობით კენიელი შეხვდა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, აეროპორტში ობამას მისი ნახევარდა შეხვდა, ხოლო შემდეგ ის ნათესავებთან ვახშამზე გაემგზავრა, რომელთა შორის ობამას 94 წლის ბებიაც იყო. ის კენიაში და აშშ-ში დედა სარას სახელით არის ცნობილი.
გასული წლის ნოემბერში დედა სარა აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც მისი მშობლიური სოფლის სამედიცინო ცენტრის მშენებლობისთვის 100 ათასი დოლარი შეაგროვა. ბარაკ ობამა აშშ-ს პრეზიდენტის სტატუსით კენიაში პირველად იმყოფება.