ბაიდენი აღმოსავლეთ უკრაინაში დემილიტარიზებული ზონის შექმნის იდეას მიესალმება
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინადადებას აღმოსავლეთ უკრაინაში 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ, რომელსაც ეუთო გააკონტროლებს. ამის შესახებ საუბარი იყო ჯო ბაიდენსა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის დროს. გარდა ამისა, აშშ-ს მაღალჩინოსანმა და უკრაინის პრეზიდენტმა მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხი განიხილეს.
პეტრო პოროშენკომ უკვე განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე შეიარაღების გაყვანის პროცესი დაიწყება, რაზეც მხარეები მინკში ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ. პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ კიევის წარმომადგენლებს 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნის, ასევე ტანკების და ნაღმმტყორცნების გაყვანის შეთანხმების ხელმოწერა დაავალა.