აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის საზღვარზე შეტაკება მოხდა
აზერბაიჯანისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ორმხრივი სროლის შედეგად 5 სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის შეიარაღებული ძალების შეტევა მოიგერიეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, სომხეთის შეიარაღებული ძალები 24 ივლისს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ესროდნენ აზერბაიჯანელთა პოზიციებს გერანბოის, ტერტერის, აგდამის და ფიზულის რაიონებში, ასევე სომხეთი – აზერბაიჯანის საზღვარზე, გიადაბეის რაიონში. ეს შეტევა საპასუხო ცეცხლით ჩაახშეს. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ შეტევის მოგერიების დროს ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.
თავის მხრივ, სომხური მხარე აცხადებს, რომ პარასკევს და შაბათს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 140-ჯერ დაარღვიეს და 2 ათასი გასროლა განახორციელეს. მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა ხუთი სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია უარყვეს.