ალექსანდრე ბასტრიკინი რუსეთის კონსტიტუციიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების ამოღების ინიციატივით გამოდის
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი კონსტიტუციიდან იმ ნორმების ამოღებას ითხოვს, რომლის მიხედვით საერთაშორისო სამართლის ნორმები რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამის შესახებ „ეხო მოსკვი“ იუწყება.
„ქვეყნის ძირითადი კანონი უკვე 20 წელზე მეტია არსებობს და მისი ზოგიერთი ნორმა დაძველდა. აუცილებელია საერთაშორისო სამართლის ნორმების შესახებ დებულების კორექტირება, ასევე კონსტიტუციის ზოგიერთი სხვა მუხლის ამოღება“, – აცხადებს ბასტრიკინი.
რუსეთის მთავარმა გამომძიებელმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „დოგმატიზმში“ დაადანაშაულა. მისი აზრით, ეს უწყება ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობის „ჰიპერბოლიზაციას“ და „აბსოლუტიზაციას“ ეწევა, რაც გადაწყვეტილებების დროს „სამართლებრივ კოლიზიებს“ იწვევს.
შეგახსენებთ, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს, თუ ისინი ქვეყნის ძირითად კანონს ეწინააღმდეგება.