აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ერაყში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი ბაღდადში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ის ადგილზე გაეცნო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას და ერაყის ხელისუფლების ოპერაციას ანბარის პროვინციაზე კონტროლის დასაბრუნებლად.
კარტერისთვის ეს პირველი ვიზიტია ერაყში მას შემდეგ, რაც ის თებერვალში ამ თანამდებობაზე დაინიშნა. ის გეგმავს ერაყის ხელისფლებასთან, ამერიკელ სამხედროებთან, ასევე სუნიტების ლიდერებთან შეხვედრას, რომელთა ჩართვას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ერაყის ხელისუფლება ცდილობს.
კარტერის ვიზიტი დამეთხვა ქალაქ რამადიზე ერაყის არმიის მიერ კონტროლის აღდგენის მცდელობას. ამჟამად ქალაქი „ისლამურ სახელმწიფოს“ აქვს დაკავებული. ერაყის არმია ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება, რაშიც მას აშშ-ს და საერთაშორისო კოალიციის საჰაერო ძალები ეხმარებიან. რამადის დაკარგვა ერაყის არმიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მარცხი გახდა მას შემდეგ, რაც გასული წლის ზაფხულში „ისლამურმა სახელმწიფომ“ ფაქტობრივად უპრობლემოდ დაიკავა ჩრდილოეთ ერაყის რამდენიმე რაიონი.