ბერლუსკონი – პუტინი მინისტრის სავარძელს მთავაზობდა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას რუსეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტი შესთავაზა, თუ ის საცხოვრებლად მოსკოვში გადმოვიდოდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Stampa ავრცელებს. ჟურნალისტების აზრით, ბერლუსკონის ეს განცხადება ხუმრობას არ ჰგავს.
გაზეთის ინფორმაციით, ბერლუსკონიმ ამის შესახებ რომის რესტორან Consolini-ში პარტია „წინ იტალიას“ წევრებთან გამართულ ვახშამზე განაცხადა.
„იტალიაში მე პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამომაშორეს. აი პუტინმა კი მითხრა, რომ რუსეთის მოქალაქეობას და ეკონომიკის მინისტრის პოსტს მთავაზობს“, – მოჰყავს La Stampa-ს ბერლუსკონის სიტყვები. ბერლუსკონიმ ასევე დაამატა, რომ იტალიაში მას ექცევიან როგორც დამნაშავეს, ხოლო რუსეთში საკმაოდ მაღალ თანამდებობას სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ იტალიის სასამართლოში რამდენიმე საქმეა აღძრული.