ისრაელელ ჯარისკაცებთან შეტაკების შედეგად პალესტინელი დაიღუპა

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი პალესტინელი დაიღუპა. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, 21 წლის მოჰამედ აჰმედ ალაუნამ ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ისრაელის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, საჯარისო შენაერთი პატრულირებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათ პალესტინელთა ჯგუფი თავს დაესხა და ქვები დაუშინა. ამის შემდეგ სამხედროებმა რამდენჯერმე მოუწოდეს პალესტინელებს, შეეწყვიტათ ქვების სროლა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს და სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს.
სამხედროების განცხადებით, ისინი ამ ინციდენტს გამოიძიებენ. მსგავსი შეტაკებები ბოლო დროს გახშირდა. ისრაელი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ძებნილი პალესტინელების დაკავების ოპერაციას ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები