საფრანგეთის ხელისუფლება ყირიმში ფრანგი დეპუტატების დაგეგმილ ვიზიტს უკანონოს უწოდებს
საგრანგეთის ხელისუფლება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას უწოდებს ამ ქვეყნის დეპუტატების დაგეგმილ ვიზიტს ყირიმში. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რომენ ნადალმა განაცხადა.
„საუბარია პარლამენტარების პირად ინიციატივაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ვიზიტი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა“, – განაცხადა ნადალმა.
ფრანგი დეპუტატების 10-კაციანი დელეგაცია მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ყირიმში გაემგზავრება, სადაც იალტას, სევასტოპოლს და სიმფეროპოლს მოინახულებენ. დელეგაციას ხელმძღვანელობს საფრანგეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ტიერი მარიანი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფრანგი დეპუტატების ვიზიტი ყირიმში არის უკრაინის კანონების უპატივცემულობა და რეაგირების გარეშე არ დარჩება.