ვიქტორ იანუკოვიჩი „ინტერპოლის“ ძებნილთა სიაში აღარ ირიცხება
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღებულია. როგორც სააგენტო „უნიანს“ უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებში განუცხადეს, „ინტერპოლმა“ საიტიდან ვიქტორ იანუკოვიჩის ძებნის შესახებ ინფორმაცია მოხსნა. სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება ინტერპოლის შტაბ-ბინის სამდივნომ იანუკოვიჩის საჩივრის საფუძველზე მიიღო.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა გაავრცელა. მისი თქმით, „ინტერპოლმა“ 2015 წლის 12 იანვარს ყოფილ პრეზიდენტზე ვიქტორ იანუკოვიჩზე, ყოფილი პრემიერზე ნიკოლაი აზაროვზე და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებზე ძებნა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადით უკრაინამ „ინტერპოლს“ 2014 წლის მარტში მიმართა. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში 2014 წლის 23 თებერვალს გაიქცა.