ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სახლში პოლიციამ ათასზე მეტი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინა
ლოს-ანჯელესის პოლიციამ ერთ-ერთ სახლში 1200 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ტონა ტყვია-წამალი აღმოაჩინა. ამის შესახებ The Los Angeles Times-ი იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ამოღებულ იარაღს შორის იყო როგორც პისტოლეტები, ასევე შაშხანები და ავტომატები. ზოგიერთი იარაღი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო.
ლოს-ანჯელესის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთმა სატვირთო მანქანამ ამ არსენალის გატანა ვერ შეძლო და მას იარაღის გასაზიდად სახლში დაბრუნება კიდევ ერთხელ მოუწია.
იარაღი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც პოლიციამ ამ ქუჩაზე გაჩერებულ მანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვა, რომელმაც, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა მიმდებარე სახლების შემოწმება გადაწყვიტეს.