თურქეთის ქალაქ სურუჩში ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა მოაწყო
თურქეთის ქალაქ სურუჩში მომხდარი აფეთქება, რომლის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა მოაწყო. პოლიციის ინფორმაციით, ის დაახლოებით ერთი თვის წინ თურქეთში სირიიდან ჩავიდა.
აფეთქება ქალაქ სურუჩში მდებარე კულტურის ცენტრთან ორშაბათს მოხდა. ბომბი ცენტრთან შეკრებილი ადამიანების სიახლოვეს აფეთქდა, რომლებიც სირიის ქალაქ კობანიში გამგზავრებას და იქ დაზიანებული შენობების და ინფრასტრუქტურის აღდგენაში მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ.
აფეთქების ადგილზე ექსპერტებმა ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. მათი ინფრომაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ძლიერი იყო და მასში მეტი დაზიანებისთვის ნამსხვრევები იყო ჩამონტაჟებული.
დაახლოებით ერთი თვის წინ სოციალურ ქსელებში გაჩნდა განცხადება, რომელშიც „ისლამური სახელმწიფო“ თურქეთს ემუქრებოდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ექსტრემისტების წინააღმდეგ მიღებული ზომების გამო. „ბოევიკები“ იმუქრებოდნენ, რომ ქალაქ კობანიში ქალაქის აღსადგენად მოხალისეების გაგზავნას არ დაუშვებდნენ.