დევიდ ქემერონი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის აზრით, ამ ქვეყანამ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს. „ჩვენ ვიცით, რომ აუციელებელია ამ დაჯგუფების განადგურება, იქნება ის სირიაში თუ ერაყში“ – განაცხადა ქემერონმა NBC-თან ინტერვიუში. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა აშშ-თან და სხვა მოკავშირეებთან თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს. მან „ისლამური სახელმწიფო“ დღეს არსებულ ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაკრ ალ-ბაგდადიმ ამ დაჯგუფების მიერ დაკავებული სირიის და ერაყის ტერიტორიაზე „ხალიფატი“ გამოაცხადა, სადაც შარიათის ყველაზე რადიკალური კანონები მოქმედებს. ამის შემდეგ ჯიჰადისტებმა ათასობით ადამიანი დახვრიტეს, ცოცხლად დაწვეს და თავები მოკვეთეს. დღეს „ისლამური სახელმწიფო“ მსოფლიოს ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის ყველაზე საშიშ ძალად ითვლება.