რატომ იხსნება მოსაცდელი ჯიხურები – მერია პირველ კომენტარს აკეთებს
„როდესაც დამთავრდება ოლიმპიადა, თბილისის რამდენიმე უბნიდან აღებული ავტობუსის გაჩერებები თავის ადგილს დაუბრუნდება”, – ამის შესახებ “კვირას” თბილისის მერიის პრესცენტრში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება 2015 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ხორციელდება, ვინაიდან ოლიმპიადის ტურნირებზე მონაწილეების გადაადგილების მიზნით გათვალისწინებულია სპეციალური მარშრუტები, რის გამოც საჭირო გახდა მოსაცდელების განთავსება ოლიმპიური სოფლის სხვადასხვა პუნქტში.
“ეს ღონისძიება ოლიმპიადასთან დაკავშირებით ხორციელდება. ტურნირებზე მონაწილეების გადაყვანის მიზნით გათვალისწინებული იქნება სპეციალური მარშრუტები, რის გამოც საჭირო გახდა მოსაცდელების განთავსება სხვადასხვა პუნქტში. ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში მოიხსნა სხვადასხვა მოსაცდელი და მოხდა ადგილმონაცვლეობა. როდესაც დამთავრდება ოლიმპიადა, მოსაცდელები თავის ადგილს დაუბრუნდება”,- განუცხადეს “კვირას” თბილისის მერიაში და დასძინეს, რომ დროის სიმცირის გამო, ახალი მოსაცდელების დამზადება ოლიმპიური სოფლისთვის ვერ მოახერხა.
ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით სულ ოთხი მოსაცდელი ჯიხურია მოხსნილი.
თბილისის რამდენიმე უბნიდან ავტობუსის გაჩერებები აიღეს. არსებული ინფორმაციით, ავტობუსის გაჩერება აიღეს შავი ზღვის უნივერსიტეტისა და რიყის ტერიტორიიდან.