ლიბიაში იტალიის ოთხი მოქალაქე გაიტაცეს

ლიბიაში იტალიის ოთხი მოქალაქე გაიტაცეს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. გაზეთ La Repubblica-ს ინფორმაციით, საუბარია სამშენებლო კომპანია Bonatti-ს თანამშრომლებზე, რომლებიც მელიტახის პორტის სიახლოვეს გაიტაცეს. ეს საწარმო ლიბიურ-იტალიური ერთობლივი კომპანიაა, რომელიც ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვებას აწარმოებს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ ამ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ გამტაცებელთა ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. „ამ ზონაში მსგავსი ინციდენტები ადრეც მომხდარა. როდესაც თებერვალში ლიბიაში იტალიის საელჩო დაიხურა, ჩვენ გავაფრთხილეთ ლიბიაში მყოფი იტალიის მოქალაქეები, რომ იქ დარჩენა უსაფრთხო არ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ოთხი გატაცებული იტალიელის გათავისუფლება დროულად მოხდეს და ასევე, შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ უზრუნველვყოთ ლიბიაში დარჩენილ იტალიის მოქალაქეთა უსაფრთხოება“, – განაცხადა ჯენტილონიმ.
2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ქვეყანაში მუდმივი კრიზისია. ფაქტობრივად დღეს ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა – ერთი მხრივ, ქალაქ ტობრუკში პარლამენტი მდებარეობს, მეორე მხრივ კი, ტრიპოლში განლაგებულია პროისლამური საერთო კონგრესი და მის მიერ არჩეული პრემიერი ომარ ალ-ხასი. ამასთანავე, ლიბიის ზოგიერთ რაიონს ცენტრალური ხელისუფლება საერთოდ ვერ აკონტროლებს და ის „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ აქვთ დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები